ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. აქაური მდინარეები მოკლეა (თერგის გამოკლებით), თუმცა მათ სწრაფი დინება ახასიათებთ და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევიან. ზოგიერთ მდინარეზე გვხვდება საკმაოდ მაღალი და ლამაზი ჩანჩქერები. ტბებს მყინვარული ან ვულკანური გენეზისი აქვთ, და ხასიათდებიან მცირე ფართობითა და ხშირად საყურადღებო სიღრმით.
მყინვარებს ახასიათს უკუსვლა, ფართობის შემცირება, გაპობა და სხვ. ზოგიერთი მათგანი ხეობურიდან ცირკულ მყინვარად იქცა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბევრია მინერალური წყაროებიც. არის დიდდებიტიაანი წყლებიც.
მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე აქ 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. სათავიდან შესართავამდე თერგის სიგრძე 623 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი - 43200 კმ². საშუალო წლიური ჩამონადენია - 9,6 კმ³. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე თერგის მთავარი შენაკადებია : ამალი, დევდარაკი, თეფიდონი, ჩხერი, ჩხატი, სუათისი, მნაისისწყალი, ქესია, რესისწყალი, ყაბახი, ჯიმარისწყალი (მარცხ.); ესიქომი, არმხი, არხადონი, ბიდარა, დესიკომიდონი, ხდისწყალი, სნოსწყალი (მარჯვ.).
აღნიშნული მდინარეებიდან ყველაზე მეტი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობა გააჩნიათ მდინარეებს : სნოსწყალს, ხდისწყალსა და ჩხერს.
სნოსწყალი იწყება ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მის სათავეს წარმოადგენენ მდინარეები ჯუთისწყალი (სიგრძე 13 კმ) დაქვენამთისწყალი (სიგრძე 4 კმ). სნოსწყლისა და მისი ორი მდგენელის ერთიანი სიგრძე თითქმის 45 კმ-ია. მდინარის ნიშნული სოფელ სნოსთან - 1760 მ-ია, ახალციხესთან - 1800 მ. მთავარი შენაკადებია : შინოსწყალი და ართხმოსწყალი.
მდინარე ჩხერი (სიგრძე 10 კმ) იწყება ორწვერის ქედზე, მწვერვალ შავნაბადას კალთებზე, ზღვის დონიდან 3565 მ-ზე.
მუნიციპალიტეტში უხვადაა ტბებიც და მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალი მდებარეობა აქვთ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდია ვულკანური ყელიცადის ტბა, რომლის უდიდესი სიღრმეა 13,9 მ.
აღსანიშნავია ასევე არჩვების ტბა, რომელიც განლაგებულია ყელის ზეგანზე, ზღვის დონიდან 3078 მ-ზე. სიღრმე დაახლ. 6 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაგვისთავის 3 ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდა ქვემო არაგვისთავის ტბა (ფართობი 0,07 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,5 მ).
მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კვ.კმ).მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეტისა და დევდარაკის მყინვარები.
გერგეტი მდებარეობს მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მისი სიგრძე 7 კმ-ს ჭარბობს, ფართობი კი საკმაოდ ცვალებადია (მაგ., 1970 წწ, ბოლოსათვის გერგეტის ფართობი უდრიდა 11 კვ.კმ-ს, ხოლო 1990 წწ. ბოლოს მისი ფართობი განისაზღვრებოდა 7 კვ.კმ-ით). იგი დაკიდული-ხეობის ტიპისაა.
დევდარაკი მდებარეობს მდინარე ყაბახის სათავეში. აქვს 7 კმ სიგრძე და 7,6 კვ.კმ ფართობი. იგი ძირითადად ცნობილია თავისი პულსაციური მოქმედებით, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. იგი მიეკუთვნება ხეობის ტიპის მყინვარს. დევდარაკი ფრიად ლამაზი ლანდშაფტებით ხასიათდება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის უფრო მცირე მყინვარებიც მ.შ. სუათისი, მნა, კიბიში, აბანო, ჩათა, შავანა, რესი და ა.შ.
მდინარე ერეთოსწყალზე (მთიულეთის არაგვის შენაკადი) ეშვება ჩანჩქერი „ერეთო“, რომელსაც აქვს 45 მ სიმაღლე. აღსანიშნავია ასევე არშის წყალვარდნილი, რომელზედაც არსებობს საკმაოდ საინტერესო ლეგენდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მინერალური წყლებიც. დიდდებიტიანი ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით გამოირჩევა თრუსოს ხეობა. ამას გარდა ხეობაში არის ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მნიშვნელოვანია ასევე ბიდარის ხეობაში არსებული წყლები.
No comments:
Post a Comment